შალვა ნათელაშვილი - აშშ-ის ელჩი იმ სტრატეგიით და ტაქტიკით მოქმედებს, რაც მის ხედვასა და პოლიტიკას წარმოადგენს
შალვა ნათელაშვილი - აშშ-ის ელჩი იმ სტრატეგიით და ტაქტიკით მოქმედებს, რაც მის ხედვასა და პოლიტიკას წარმოადგენს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იმ სტრატეგიით და ტაქტიკით მოქმედებს, რაც მის ხედვასა და პოლიტიკას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილს ჟურნალისტებმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობს.

„არ ვიცი, ხატოვანი შედარებების დარგში სპეციალისტი არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის ელჩი ფასილიტატორი, ანუ შუამავალი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, იმ სტრატეგიით და ტაქტიკით მოქმედებს, რაც მის ხედვასა და პოლიტიკას წარმოადგენს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

​შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს. გვარამია აცხადებს, რომ „ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო“. ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, „პერიოდულად, ზურგში დანას იღებს ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც ეუბნება, რომ გიორგი რურუა არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“.

გვარამიას განცხადებით, „თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.

ასევე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება, ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“.