შალვა ნათელაშვილი - არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩამოვუჯდე და შევაწუხო დიპლომატები
შალვა ნათელაშვილი - არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩამოვუჯდე და შევაწუხო დიპლომატები

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ ფონზე ხელისუფლებასთან არავითარი მოლაპარაკება არ შეიძლება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიპლომატებთან შეხვედრა კი, არანაირი პრობლემა არ არის.

ამასთან, ნათელაშვილის თქმით, ამგვარი კონტაქტებისთვის გამოყოფილია ლიდერთა ჯგუფი, რომლიც დაკავებულია აღნიშნული საქმიანობით. თავად კი, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, „არავითარი სურვილი არ აქვს, ჩამოუჯდეს და შეაწუხოს დიპლომატები“.

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, არის თუ არა მისი პარტიის წარმომადგენელი დღეს ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან მიმდინარე შეხვედრაზე და დიპლომატების ასეთი ჩართულობით გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.

„მოლაპარაკებების მეხუთე, მეექვსე და მეათე რაუნდები გაგრძელდება იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი სრულად გაათავისუფლებს ყველა პოლიტიკურ პატიმარს და გამოაცხადებენ მზადყოფნას ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლისათვის. თუმცა ამის შემდეგაც ისინი სანდოდ არ რჩებიან, რადგან საკონტიტუციო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ, ჩააგდონ ცვლილებები, როგორც ეს გააკეთეს წინაზე, ააჯანყეს ბერაია, ხუნდაძე და კიდევ უსახო ერთუჯრედიანი აგენტები, რომლებიც იქ ჰყავთ, ოქრიაშვილი და სხვები და ისევ გადააგდებენ ქვეყანას და მსოფლიო თანამეგობრობას. ამიტომ მიმაჩნია, რომ არავითარი მოლაპარაკება არსებულ ფონზე მათთან არ შეიძლება. რაც შეეხება დიპლომატთან შეხვედრას ოპოზიციური წარმომადგენლებისა, არანაირი პრობლემა არ არის, საკონსულტაციო ფორმატმა ამგვარი კონტაქტებისთვის გამოყო ლიდერთა ჯგუფი, რომლებიც დაკავებული არიან აღნიშნული საქმიანობით და იქ ჩვენ ნამდვილად არ ვეცილებით, არ ვუწევთ კონკურენციას და არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩამოვუჯდე და შევაწუხო დიპლომატები ან დავინახო წულუკიანის სახე ახლოდან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.