შალვა ნათელაშვილი - მთავრობამ ახალი სასწაულით გაგვაოცა
შალვა ნათელაშვილი - მთავრობამ ახალი სასწაულით გაგვაოცა

დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა მთავრობამ, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში შემოსული მოქალაქე აეროპორტიდან კვლავ უნდა იყოს 14-დღიან კარანტინში, ხოლო უცხოელი შემოდის თავისუფლად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც პარტიის წევრებმა აქცია გამართეს.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, საკუთარი მოქალაქეებისთვის ასეთი დისკრიმინაციული წესები  თავის დროზე არ დაუდგენია სამხრეთ აფრიკის აპართეიდულ რეჟიმსაც კი.

„ეს არის ზღვარს გადასული ქმედება. გამოდის, რომ მარტო ჩვენს მოქალაქეს შეუძლია, შემოიტანოს ვირუსი, ხოლო ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქე, სადაც ვირუსმა ათასობით ადამიანი გაჟლიტა, შემოდიან ჰიგიენურად სუფთა და უსაფრთხო ფორმატით. მოვუწოდებ ამ დროებით მთავრობას, სასწრაფოდ გააუქმეთ ეს ნორმა, მიეცით საშუალება ხალხს, სადაც გახსნილია იმ ქვეყნებში გადაადგილდნენ, გავიდნენ და შემოვიდნენ თავისუფლად თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტებიდან. გახსენით სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, რადგან ცოტა ამოისუნთქოს ხალხმა და ბიზნესმა. ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.