შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე იქნება
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე იქნება

ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზარფული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ, ის მაინც მოხდა, ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, კონსულტაციები იყო ძალიან რთული, დაძაბული და არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მეორე პრეცედენტი, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოილაპარაკა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, თუნდაც დედაქალაქში.

„ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან – ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, მას იქ გამარჯვება ელოდებათ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ასევე მიიღო დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე, რომელიც ისტორიული გადაწყვეტილებაა ოპოზიციის და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან მთავრი მიზნისკენ, ვერავინ შეძლოს გაყალბება, ძალაუფლების უზურპაცია და ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მმართველობა საკუთარ ქვეყანაში.

„თუ ხელისუფლება ამას არ გაიგებს, მაშინ გაიხედოს მინსკისკენ, რა ხდება, ეყარისკენ, სირიისკენ, ლიბიისკენ, იქ, სადაც მათ სულიერი წინაპრები და მემკვიდრეები კისრებს იტეხდნენ და ახლაც იტეხენ. მათ უდნა ეყოთ ჭკუა იმისა, რომ აალაგონ ბარგი, ჩაალაგონ და დაგვემშვიდობონ, დანარჩენს ჩვენ გადავწყვეტთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.