ქართველი პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი „ლესტერ ტაიგერსის“ ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„მამუკაშვილის სანაკრებო დებიუტი 2011 წელს შედგა და მას შემდეგ 29 წლის მოთამაშემ „ლელოების“ შემადგენლობაში 73 მატჩი ჩაატარა. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 და 2019 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებში“, – წერს „ლესტერ თაიგერსის“ ოფიციალური გვერდი და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯორდან მერფის შეფასებაც მოჰყავს:
„შალვა ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც ჩვენს შერკინებას საკმაოდ გააძლიერებს“, – ამბობს მერფი, – „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ჩვენს გუნდში წარმატებულად ითამაშებს და ბევრ სარგებელს მოგვიტანს. 70-ზე მეტი თამაშს ნაკრებში ვერ ითამაშებ, თუ შალვასნაირი შრომისმოყვარე და მოტივირებული პროფესიონალი არა ხარ, რაც ჩვენ მასთან საუბრებისას არაერთხელ შევამჩნიეთ“.
სტატიაში თავად მამუკაშვილის სიტყვებიც არის მოყვანილი:
„ეს დიდებული კლუბია, მდიდარი ისტორიით, და დღესაც საკმაოდ წარმატებულია ინგლისის პირველობაზე“, – ამბობს მამუკაშვილი, – „მე მოტივირებული ვარ, რომ 100%-ით დავიხარჯო „თაიგერსში“ და ინგლისში საუკეთესო წლები გავატარო“.
მამუკაშვილმა კარიერა 17 წლის ასაკში, „ყოჩებში“ დაიწყო, საიდანაც საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. შემდეგ ის თბილისის „არმიაში“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გაატარა.
2014 წელს მასთან კონტრაქტი „სეილ შარკსმა“ გააფორმა და მამუკაშვილმა ინგლისში ერთი სეზონი გაატარა, საიდანაც შოტლანდიაში, „გლაზგო უორიორსში“ გადავიდა, შემდეგ კი ფრანგულ „მონპელიეში“, „ტულონსა“ და „კარკასონში“ გამოდიოდა.