ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 23:10 დაამარცხეს
ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 23:10 დაამარცხეს
რაგბის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. საქართველოს ეროვნული გუნდი ფავორიტის სტატუსით თამაშობდა და ურთიერთშეხვედრებშიც ბორჯღალოსნებს დიდი უპირატესობა აქვთ.

პირველი ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო და ჩვენი ნაკრები დაწინაურდა. თუმცა, მალევე ესპანელებმა ერთი ლელო გაქვითეს და ანგარიში გათანაბრდა.

მცირე პერიოდი ესპანელები ბორჯღალოსნებს თანაბრად ეთამაშებოდნენ, მაგრამ თედო აბჟანდაძის გატანილი ჯარიმის შემდეგ, უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა და პირველი ნახევარი ქართველების კარნახით წარიმართა. შეხვედრის მეორე ტაიმში კვლავ თანაბარი თამაში იყო, თუმცა ესპანელები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და ლელოს გატანაც მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებიდან ლელო დადეს: შალვა მამუკაშვილმა (დუბლი), აკაკი ტაბუცაძემ (სადებიუტო მატჩი ნაკრებში).

თედო აბჟანდაძემ ჯარიმებითა და გარდასახვებით გუნდს რვა ქულა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელგიაში 22 თებერვალს გამართავს. საინტერესოა, რომ ბორჯღალოსნების მომავალმა მეტოქემ, ბელგიის ნაკრებმა ყველასთვის მოულოდნელად რუსეთი სოლიდური ანგარიშით დაამარცხა – 38:12.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი შეხვედრა ბორჯღალოსნებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ – რუმინეთის ნაკრებთან „დინამო არენაზე“ გამართეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 43:13.

დატოვე კომენტარი