შალვა კიკნაველიძე გიორგი გახარიას - კარგ მენეჯერთან ერთად კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით
შალვა კიკნაველიძე გიორგი გახარიას - კარგ მენეჯერთან ერთად კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით

ბატონო გიორგი, აქამდე გიცნობდით, როგორც კარგ მენეჯერს, თუმცა, დღეს, ოპოზიციის განცხადებების შემდგომ, დავრწმუნდი, რომ მეორადი პროფესიაც გაქვთ – კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით, – ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ საქართველოს პარლამენტში, პრემიერ მინისტრს ანგარიშის მოსმენისას.

პლენარულ სხდომაზე ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოპოზიცია პოპულიზმში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და ქვეყნის ეკონომიკური კუთხით განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ამ დარბაზში ნამდვილად ცხადი გახდა, თუ ვინაა ორიენტირებული საქმეზე და ვინ პოპულიზმზე. ნამდვილად ნათლად გამოჩნდა, თუ ვინაა ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე და ვინ არის ორიენტირებული სიცრუის და ტყუილის ტირაჟირებაზე.

ვფიქრობდი, რა ჭირდა დღეს ოპოზიციას?! ამდენი ხნის შემდეგ პარლამენტში დაბრუნება ეუცხოვათ, თუ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო მესიჯ-ბოქსის პრობლემა აქვთ?!

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების მანძილზე, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად, ასრულებდა მოვალეობას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენციები, რომელიც არსებობს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურ რეჟიმში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეხვედრა მქონდა ადგილობრივ ფერმერებთან და ბიზნეს სექტორთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც, ყოველდღიურად, თავისი შრომით, ქმნიან დოვლათს. ცხადია, რომ ეს ადამიანები დადებითად აფასებენ იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ის ხალხი დღეს გრძნობს, რომ ხელისუფლება მისი პარტნიორი და მეგობარია. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ დღეს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, დავიცვათ ადგილობრივი წარმოება,რათა შევინარჩუნოთ და შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები.

და ბოლოს, ბატონო გიორგი, გულწრფელად გეტყვით – აქამდე გიცნობდით, როგორც კარგ მენეჯერს, თუმცა დღეს, ოპოზიციის განცხადებების შემდგომ, დავრწმუნდი, რომ მეორადი პროფესიაც გაქვთ – კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით“, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​