შალვა ხაჭაპურიძე - ვფიქრობ, დღის განმავლობაში შესაძლებელია სამი-ოთხი მოწმის დაკითხვა და შეიძლება, სასამართლო სამ-ოთხ პროცესში ამოიწუროს
შალვა ხაჭაპურიძე - ვფიქრობ, დღის განმავლობაში შესაძლებელია სამი-ოთხი მოწმის დაკითხვა და შეიძლება, სასამართლო სამ-ოთხ პროცესში ამოიწუროს

მარიამ ჯიშკარიანმა დაადასტურა მის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის ავთენტურობა, ისაუბრა მის, განსაკუთრებით, როგორც ფსიქიატრის, ნევროლოგების დიაგნოზებზე, დანარჩენი დიაგნოზებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ამ დიაგნოზებზე, გარკვეულწილად, თავიანთ ნაწილში ექნებათ პასუხები დანარჩენ ექსპერტებს, – ამის შესახებ მიხეილს სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მთავარია, რომ „ჯიშკარიანმა დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე, ავთენტურობა და დაიცვა თავისი დიაგნოზების პოზიცია“.

„მარიამ ჯიშკარიანმა ფიციც დადო ჩვენების მიცემის დროს. ჟღერდება ხოლმე, თითქოს მარიამ ჯიშკარიანი მხარეა და ასე შემდეგ, მან გაიხსენა მოლაშვილის საქმე, იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, კემულარიას წინააღმდეგ. ვრცელი ინფორმაციის მომწოდებელი ექსპერტები უკვე დაიკითხნენ. ვფიქრობ, შემდგომში, დღის განმავლობაში შესაძლებელია სამი-ოთხი მოწმის დაკითხვა და ეს შეიძლება სულ სამ-ოთხ პროცესში ამოიწუროს. პენიტენციურს იგივე მოწმეები ჰყავს, რაც ჩვენ, გარდა იმისა, რომ დამატებული ჰყავს სამი თანამშრომელი, რომლებიც არიან დაცვის თანამშრომლები. ასე რომ, იმათი დაკითხვაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არ მგონია, ისინი დიდი ინფორმაციის მატარებლები იყვნენ სააკაშვილის მკურნალობა-არმკურნალობის საკითხზე. მთავარი მაინც დღევანდელ სასამართლო პროცესზე იყო ის, რაც ცალსახად გამომჟღავნდა. მეორე მხარე მისდაუნებურად შემოვიდა იმ დავაში, უტარდება თუ არა სააკაშვილს სათანადო მკურნალობა. მეორე მხრიდან არავინ იდავა ეს დიაგნოზი, რაზეც საუბარია – დემენცია, კახექსია და ა.შ. რომ არ აქვს სააკაშვილს. მეორე მხარემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სააკაშვილს ეს დიაგნოზები აქვს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი პატიმარი არის ავად, მათ შორის შიდსით, ცე ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და ამ ადამიანებს უტარდებათ სათანადო მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ გაწეული მკურნალობით, რაც იმ პატიმრებს უტარდებათ, ხელი არ ეშლება სასჯელის მოხდას. სააკაშვილის შემთხვევაში კი, რომელიც ათი თვეა, იმყოფება პატიმრობაში, აქედან ათი თვე უკვე გაატარა საავადმყოფოში. შესაბამისად, არც არავინ დავობს, რომ საავადმყოფოში არის. უფრო მეტიც, პროცესი როგორ დაიწყო, გახსოვთ, სააკაშვილმა მოითხოვა, დამასწარითო და მოვიდა ცნობა პენიტენციურიდან, რომ „ვივამედიდან“ ავადმყოფობის გამო ვერ მოვიყვანთო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მისდაუნებურად – თუ არ ვიცი, რას აკეთებენ – ადასტურებენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ჩვენ მეტი არც არაფერზე ვდავობთ. ჩვენი შუამდგომლობა და დასკვნა ამაზეა, რომ იგი არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახურის არცერთი კითხვა არ დასმულა არცერთი ექსპერტისადმი, რომელიც უარყოფდა, რომ სააკაშვილი არ არის მძიმე ავადმყოფი. პირიქით, ყველა კითხვა ამას ადასტურებს და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.