შალვა ხაჭაპურიძე - უკრაინის საელჩოში დაინტერესდნენ, რომელ სახელმწიფოს შეიძლება, გაუწიოს საქართველოს მთავრობამ ანგარიში სააკაშვილის საკითხზე, ასევე, აქვს თუ არა შეწყალების უფლება პრეზიდენტს
შალვა ხაჭაპურიძე - უკრაინის საელჩოში დაინტერესდნენ, რომელ სახელმწიფოს შეიძლება, გაუწიოს საქართველოს მთავრობამ ანგარიში სააკაშვილის საკითხზე, ასევე, აქვს თუ არა შეწყალების უფლება პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოში უკრაინის საელჩოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საელჩოში საუბრისას დაინტერესდნენ, რომელ ქვეყანას შეიძლება, გაუწიოს ანგარიში საქართველოს მთავრობამ სააკაშვილის საკითხზე.

ამასთან, როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, საელჩოში ასევე დაინტერესდნენ, აქვს თუ არა უფლება სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი.

„დაინტერესდნენ, რომელ სახელმწიფოს შეიძლება, გაუწიოს საქართველოს მთავრობამ ანგარიში. ალბათ საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, თურქეთი. ზელენსკი არის ნომერ პირველი პოლიტიკოსი მსოფლიოში. ისეთი უზარმაზარი სახელმწიფო, როგორიც ამერიკაა, უწევს ანგარიშს. მეეჭვება, დღეს არსებობდეს სახელმწიფო, რომელიც ზელენსკის ანგარიშს არ გაუწევს.

არ ვიცი, ვისი დავალებით შედგა ეს შეხვედრა. თქვეს, რომ სააკაშვილი არის მათი ქვეყნის მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური არხებით, სამართლებრივად, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. დღევანდელი შეხვედრის გარეშეც ვიცი, რომ ამ დღეებში ალაპარაკდება მთელი მსოფლიო. ისინი დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი პირადად მე, რომელ სახელმწიფოებს გაუწევს საქართველოს მთავრობა ანგარიშს, რადგან შეიძლება, ეს სახელმწიფო ლიდერები ჩაერიონ, რათა მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა, შედგეს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, დაინტერესდნენ, აქვს თუ არა შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.