შალვა ხაჭაპურიძე - თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, მისი პრესცენტრი გაასაჯაროებს ლევან ყიფიანის ჩვენების შინაარსს
შალვა ხაჭაპურიძე - თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, მისი პრესცენტრი გაასაჯაროებს ლევან ყიფიანის ჩვენების შინაარსს

თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, მისი პრესცენტრი გაასაჯაროებს ლევან ყიფიანის ჩვენების შინაარსს, – ამის შესახებ ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებას გაუჩნდა დამაზუსტებელი კითხვები და სწორედ ამას უკავშირდებოდა ყიფიანის გუშინდელი გამოკითხვა.

„საქმეზე, ლევან ყიფიანის გარდა, დაიკითხნენ სხვა პირებიც. როგორც ჩანს, ამ პირების დაკითხვის შედეგად, გამოძიებას კვლავ გაუჩდა რაღაც დამაზუსტებელი კითხვების დასმის აუცილებლობა. ეს კითხვები დაუსვეს, ბატონმა ლევანმა გასცა პასუხები. ფაქტობრივად განმეორება იყო იმ საკითხებისა და დაზუსტება იყო. დავზოგეთ სახელმწიფო რესურსი და აღარ მოვითხოვეთ დაკითხვა სასამართლოში“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება დღევანდელი პრესკონფერენციის გადადებას, ხაჭაპურიძის თქმით, ეს მისი დაჟინებული თხოვნით მოხდა.

„მე ორშაბათ-სამშაბათს უნდა შევიტანო სარჩელი და საჩივარი პროკურატურასა და სასამართლოში პატივისა და ღირსების, ასევე ოქუაშვილის თაღლითობის თაობაზე. პროფესიული კუთხით ვთვლი, რომ თუ მე დღეს გამოვალ და ვილაპარაკებ ამას ყველაფერს, მაშინ ჩემს მოწინააღმდეგეს ხელში ვაძლევ კონტრშეტევის და ათასგვარ არგუმენტებს. შესაბამისად, არ მიმაჩნდა საჭიროდ პრესკონფერენციის ჩატარება“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ლევან ყიფიანის გამოკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

„როდესაც შევიტანთ ამ საჩივარს, ვეტყვი ბატონ ლევანს, თუ სურვილი ექნება, გააკეთოს განცხადება მის გუშინდელ დაკითხვასთან და ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ ჩვენების შინაარსთან დაკავშირებით საუბარს. შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას, თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ მისი პრესცენტრი გაასაჯაროებს ან გააკეთებს განცხადებას. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რა კითხვები იყო და რა პასუხები“, – დასძინა შალვა ხაჭაპურიძემ.