შალვა ხაჭაპურიძე - სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ თუ გაიზიარა და დაუშვა, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა
შალვა ხაჭაპურიძე - სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ თუ გაიზიარა და დაუშვა, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა

რატი ბრეგაძის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას და დასკვნის დასკვნას ვუპასუხებდი გალაკტიონ ტაბიძის სტრიქონით: „სასაცილოა ჩვენი ცხოვრება, ქალაქში დადის ეპიდემია, თბილისი ნიჭთა სასაფლაოა და იდიოტთა აკადემია!“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ხაჭაპურიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგს, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

„კარგი იქნებოდა, იუსტიციის მინისტრს აქვე მოეყოლებინა მუხლი, რომლითაც იხელმძღვანელა, როცა ეს განცხადება გააკეთა. მე საერთოდ ეჭვი მეპარება, ამ ხალხს იურისპუდენციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს მუხლს არ იცნობს, არც ექსპერტიზის ჩატარების წესს.

მეორე, ცოცხალ ადამიანზე როდესაც არსებობს დავა, დააყენა პენიტენციურმა შუამდგომლობა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოსამართლემ ამაზე უარი განაცხადა. ანუ, შუამდგომლობაზე ერთხელ უარი იქნა ნათქვამი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ერთხელ დაყენებული შუამდგომლობა მეორედ აღარ შეიძლება იქნეს დაყენებული. დაახლოებით 15 მუხლი იქნა დარღვეული იუსტიციის მინისტრისგან დღეს გაკეთებული განცხადებიდან“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ თუ გაიზიარა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა.

„ფაქტი ერთია, ეს მათი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ იმდენად მყარი და ძლიერია სასამართლო სამედიცინო და ფსიქიატრიული ესპერტიზის დასკვნა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ წარადგინა სასამართლოში, მათ გაუჩნდათ შიში, რომ მოსამართლემ შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების და მოიგონეს ეს რაღაც. ეს სამართალი არ არის, ესაა ბრძოლა წესების გარეშე. არ გამოვრიცხავ, ამან გვაიძულოს, რომ საერთოდ დავანებოთ ქართულ სასამართლოს თავი და პირდაპირ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში. თუ სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ გაიზიარა და დაუშვა, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.