შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა საკმაოდ მონდომებულია, პროცესზე მოვიდეს
შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა საკმაოდ მონდომებულია, პროცესზე მოვიდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილმა გუშინ განცხადებით მიმართა „ვივამედის“ ადმინისტრაციას და სასამართლო პროცესზე დასწრება მოითხოვა.

ხაჭაპურიძის თქმით, ჯერ უცნობია, მიიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, თუ არ მოხდება სააკაშვილის სასამართლოში მიყვანა, მოითხოვენ დისტანციურად ჩართვას.

„ამ წუთის მონაცემებით, ჯერ სასამართლოს არ აქვს ცნობა, მე ვესაუბრე თანაშემწეს, მოჰყავთ თუ არა ბატონი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. თუ ვერ დაესწრება სასამართლოს, შემდეგ ჩვენი მოთხოვნა იქნება, დისტანციურად ჩართონ, თუ არადა, მაშინ მოვიდეს სასამართლო და აქ ჩატარდეს. ოღონდ თხოვნა გვექნება ამ მიმართებითაც, რომ ერთი კამერა მაინც იქნას დაშვებული, რათა საზოგადოებამ იხილოს. ჩვენი ამოცანაა, სასამართლომ დაინახოს, ეს ადამიანი რა მდგომარეობაშია. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასწრების შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა საკმაოდ მოწადინებული და მონდომებულია, მოვიდეს პროცესზე“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.