ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, ნარკოტიკების გასაღებისთვის უვადო პატიმრობა დაწესდეს
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, ნარკოტიკების გასაღებისთვის უვადო პატიმრობა დაწესდეს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის გათვალისწინებით, ნარკოტიკების გასაღებისთვის სანქციის სახით სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა წესდება.

შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლში შედის. ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადების მიზეზია ქვეყანაში არსებული რთული ნარკოვითარება.

„ბოლო პერიოდში, საქართველო გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა ნარკოტიკების გასაღების პრობლემა. საქართველოს თავისი გეოგრაფიული, ბუნებრივი თუ ეკონომიკური მდგომარეობით არ გახლავთ არც ბუნებრივი და არც ბიოლოგიური ნარკოტიკების მწარმოებელი სახელმწიფო. შესაბამისად, ფაქტია, რომ ნარკოტიკები საქართველოში სხვა სახელმწიფოებიდან უკანონოდ შემოდის. აქ კი, მათი უკანონო გასაღება ხდება. აღნიშნულმა კი სახელმწიფო და მისი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, განუზომელი საფრთხის წინაშე დააყენა. ამიტომაც, ნარკოგამსაღებლებთან რეალური და ეფექტური ბრძოლა აუცილებელი გახდა. ვინაიდან დღეს საქართველოში არსებული ნარკოკანონმდებლობა არაეფექტური აღმოჩნდა და სასურველი შედეგები ვერ მოიტანა, ამ მხრივ, სამომავლო პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ნარკოდამოკიდებული. სტატისტიკურად ნარკოდანაშაულს ლიდერი პოზიცია უკავია. ნარკოდამოკიდებულთა სიკვდილიანობამაც იმატა. მიგვაჩნია, რომ ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ სახელმწიფო უფრო მკაცრი უნდა იყოს და ამ მიმართულებით, შეუპოვრად უნდა იმოქმედოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ახალგაზრდა თაობას ეხება, ამიტომაც, კანონპროექტის ავტორების აზრით, სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება სასჯელის ის ზომა, რომელიც შესაძლებელს გახდის ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ ბრძოლაში შედეგი მოიტანოს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადებას, 260-ე მუხლში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის პრეკურსორი, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღება – ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.

კანონპროექტის ავტორი ასევე ითხოვს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ნუმერაცია ხუთით შეიცვალოს, ხოლო ამ ნაწილის რედაქცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

ამ მუხლით 1-ელი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

რეგლამენტის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებაა, მისი საკანონმდელო ინიციატივად გარდაქმნა დეპუტატებს მოუწევთ.