შალვა ხაჭაპურიძე – ოთარ ფარცხალაძესთან ლევან ყიფიანს არანაირი ინციდენტი არ მოსვლია

01:22, 04.10.2018

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ლევან ყიფიანს არანაირი ინციდენტი არ მოსვლია და მისთვის შეურაცხმყოფელია იმ ფაქტის ხსენებაც კი, თითქოს, ოდესღაც, მათ შორის რაღაც ინციდენტი მოხდა და ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, – განაცხადა ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მასთან ნორმალური, კარგი დამოკიდებულება აქვს და კატეგორიულად უარყოფს და ემიჯნება მსგავს ინციდენტებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როცა ლევან ყიფიანი ჩანაწერებში ფინანსთა ყოფილ მინისტრებს და სპეციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ახსენებს, იყო თუ არა ამ მინისტრების გვარების დასახელება ზაზა ოქუაშვილთან წინასწარ შეთანხმებული, რადგან როგორც ყიფიანი აცხადებს, ეს ჩანაწერები წინასწარ შეთანხმებულად, უცხოელი პარტნიორებისთვის კეთდებოდა, შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანმა დღეს ასეთი ჩვენება მისცა, რომ ეს ასე იყო.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა დაცვის მხარეს სხვა მტკიცებულება, რომ ლევან ყიფიანის მიერ დღეს წარმოდგენილი ვერსიის რეალურობა დაამტკიცოს, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ამას ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურებს.

მსგავსი