შალვა ხაჭაპურიძე - მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე გამოძიება დაიწყონ
შალვა ხაჭაპურიძე - მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე გამოძიება დაიწყონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის კადრები კანონის დარღვევით გასაჯაროვდა.

ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და მიმართავენ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისპექტორს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძიება.

„ნებისმიერ კადრებზე გასაჯაროების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირისგან, ვის კადრებსაც ასაჯაროებენ. ამიტომ ისინი უნდა მოსულიყვნენ კლინიკა „ვივამედში“, კლინიკის ადმინისტრაციასთან ერთად, უნდა შესულიყვნენ ბატონ სააკაშვილთან და აეღოთ მისგან ნებართვა. ასეთი რამ არ განხორციელებულა, შესაბამისად, ეს იყო კანონის უხეში დარღვევა, რაც გათვალისწინებულია, გარკვეულწილად, ადმინისტრაციული წესით, გარკვეულწილად კი, სისხლის სამართლებრივად დანაშაულებრივი ქმედებაა.

კონკრეტულ შემთხვევაში, ეს გახლდათ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. ამიტომ მივმართავთ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძიება. თუ არ ვცდები, უკვე მესამე შემთხვევა იყო ყოველგვარი ნებართვის გარეშე სააკაშვილის კადრების გასაჯაროების“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.