შალვა ხაჭაპურიძე - ლევან ყიფიანს კითხვა დავუსვი, ვინმესგან, ან რომელიმე ძალისგან მასზე ზეწოლა ხომ არ არის, რაც კატეგორიულად გამორიცხა
შალვა ხაჭაპურიძე - ლევან ყიფიანს კითხვა დავუსვი, ვინმესგან, ან რომელიმე ძალისგან მასზე ზეწოლა ხომ არ არის, რაც კატეგორიულად გამორიცხა

ლევან ყიფიანს კითხვა დავუსვი, ვინმესგან, ან რომელიმე ძალისგან მასზე ზეწოლა ხომ არ არის, რაც მან კატეგორიულად გამორიცხა, – ამის შესახებ ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მე მასთან პირადი საუბარიც მქონდა და თქვა, რომ ეს არის სიმართლე, რომელიც თავს გადახდა. სამწუხაროდ – ძალიან ცუდი ისტორია. თუმცა, ამ ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. არც ზაზა ოქუაშვილი და არც მისი მეუღლე არსად არ ასახელებენ იმას, რომ ლევან ყიფიანის მხრიდან რამე უკანონობას, გადაცდომას, ან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ისინი ასევე არ ამბობენ, რომ სამი წლის განმავლობაში, ლევან ყიფიანი მათ კეთილსინდისიერად არ ემსახურა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

როგორც ლევან ყიფიანის ადვოკატმა აღნიშნა, ამ ადამიანებს ძალიან კეთილსინდისიერი, ერთმანეთის ნდობაზე დამყარებული ბიზნესურთიერთობა ჰქონდათ.

„ლევან ყიფიანი მუშაობდა, შრომობდა და ზაზა ოქუაშვილის ნებისმიერ თხოვნას, თუ დავალებას კეთილსინდისიერად ასრულებდა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელის დავალება იყო, ლევან ყიფიანს ის პრემიერ-მინისტრთან, ბიზნესომბუდსმენთან და ამა თუ იმ მინისტრთან შეეხვედრებინა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ თავიდან, როცა ოთხი ჩანაწერი გავრცელდა და ლევან ყიფიანი სასამართლოში პირველად დაიკითხა, მან განაცხადა, რომ გავრცელებული ოთხი ჩანაწერი დამონტაჟებულია, ტექსტები გადატანილ-გადმოტანილია და შექმნილია სურათი, თითქოს, ლევან ყიფიანი რაღაცებს უკანონოდ ითხოვდა და ა.შ, მაგრამ სინამდვილეში, აპრიორად უნდა მივიღოთ ერთი ფაქტი, რომ ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფში“ ოფიციალურად მუშაობდა და ხელშეკრულება ავალდებულებდა, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, თუ სახელმწიფო დაწესებულებებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

„იგივე, ბანკიდან თანხის გამოტანის ეპიზოდი რომ გავიხსენოთ, მას ამას ბატონი ოქუაშვილი ავალებდა და ისიც ასრულებდა. თუმცა, შემდეგ, კომპანიის მხრიდან ბატონი ლევანის მიმართ დავალიანება შეიქმნა. დაახლოებით, 290 000 დოლარზე, თუ ევროზეა საუბარი, ზუსტად ვერ გეტყვით. ბატონი ლევანი ამ კომპანიას ჩინეთში ავტომანქანების გაყიდვაში დაეხმარა და როგორც მოლაპარაკება იყო, თითო მანქანაში ოქუაშვილს მისთვის 5 000 ევრო უნდა გადაეხადა. ამის მოწმეებიც არიან“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.