შალვა ხაჭაპურიძე - ლევან ყიფიანი სასამართლოს მისცემს ისეთ ჩვენებას, რომელიც ფარული ჩანაწერების შესახებ ახალ გარემოებებს შეიცავს
შალვა ხაჭაპურიძე - ლევან ყიფიანი სასამართლოს მისცემს ისეთ ჩვენებას, რომელიც ფარული ჩანაწერების შესახებ ახალ გარემოებებს შეიცავს

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ყიფიანი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ სასამართლოსთვის ახალი გარემოებების შემცველი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ლევან ყიფიანი ჩანაწერებში ნახსენებ პირებთან შეხვედრას, შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს:

„ლევან ყიფიანს ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ ვალდებული იყო, ეწარმოებინა მოლაპარაკებები გარკვეულ პრობლემებზე როგორც კერძო, ფიზიკურ, სახელმწიფო დაწესებულებებთან. ჩანაწერებში არის გარკვეული მონტაჟი, ამოჭრილი, გადაკეთებული და იმედი გვაქვს, ექსპერტიზა ამას დაადგენს. მისი ხმა ისმის ამ ჩანაწერებში, თუმცა მონტაჟის დროს გარკვეული კონტექსტებია შეცვლილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ლევან ყიფიანი დღეს კომენტარს გააკეთებს ე.წ. სარდაფის ეპიზოდზეც. გარდა ამისა, მისივე თქმით, ლევან ყიფიანს უახლოესი დღეებისთვის დაგეგმილი აქვს პრესკონფერენცია.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.