შალვა ხაჭაპურიძე - დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი, ამ თემაზე დაიკითხება ხვალ ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრი ექიმი სმიტი
შალვა ხაჭაპურიძე - დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი, ამ თემაზე დაიკითხება ხვალ ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრი ექიმი სმიტი

საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი. ამ სამ ნივთიერებაზეა საუბარი და აღწერს ექსპერტი რატომ, როგორ, რანაირად. ამბობს, რომ სააკაშვილი გადასაყვანია უცხოეთის კლინიკაში, რომ მოხდეს მისი დეტოქსიკაცია, ეს წერია საექსპერტო დასკვნაში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, სწორედ აღნიშნულ საკითხზე დაიკითხება 22 დეკემბერს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე უცხოელი ექსპერტი.

„ხვალ ბატონი სმიტი დაიკითხება, რომელიც გახლავთ ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე ურთქმელიძეც დაიკითხება აღნიშნულ საკითხზე.

„რაც შეეხება ბატონ ურთქმელიძეს, ისიც მოწმედაა მოწვეული და მასაც შევეკითხებით, რატომ თქვა ეს ყველაფერი. ჩვენი არეალი არის სასამართლო დარბაზი, სატელევიზიო სამედიცინო სამართლის გამართვას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ურთმელიძეს, შემიძლია, ვუთხრა პასუხი, მიხედოს თავის თერაპიას და ადმინისტრირებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, ჩაიტაროს ანალიზები იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის უცხოური ავტორიტეტული საექსპერტო ბიურო იქნება მოწვეული.

„ექსპერტიზას რაც შეეხება, ჩვენ მზად ვართ, ჩავუტაროთ ექსპერტიზა, თუმცა თუ გახარიამ შარდი არ ანდო სამხარაულის ექსპერტიზას, ჩვენ სისხლი თმა და ბიოფსია რატომ უნდა ვანდოთ? ჩატარდეს ანალიზები, ოღონდ ამისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს უცხოური ავტორიტეტული საექსპერტო ბიურო და მზადა ვართ, მივიღოთ მონაწილეობა. პენიტენციურს ვედავებით, რომ იქ მოხდა ამ ადამიანის ტოქსიკოლოგიური ფაქტი, იუსტიციის დაქვემდებარებით, და სამხარაულს ჩავატარებინოთ ექსპერტიზა?“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.