შალვა ხაჭაპურიძე - არ ვიცი, სააკაშვილს აქვს თუ არა კოვიდი, მაგრამ პალატაში არის რეანიმაციული მოწყობილობები, სინამდვილეში, ის რეანიმაციაშია, ვგეგმავთ გამოსაკვლევად სინჯების აღებას
შალვა ხაჭაპურიძე - არ ვიცი, სააკაშვილს აქვს თუ არა კოვიდი, მაგრამ პალატაში არის რეანიმაციული მოწყობილობები, სინამდვილეში, ის რეანიმაციაშია, ვგეგმავთ გამოსაკვლევად სინჯების აღებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს პალატაში აქვს რეანიმაციული მოწყობილობები და აქედან გამომდინარე, რეალურად, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, არსებობს კითხვები მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით.

„არის ბევრი კითხვის ნიშანი – ერთი თვის წინ ვიზიტების შეწყვეტა ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, შემდეგ რატომღაც ჩვენი შეფუთვები ისე, რომ კოვიდი არ არსებობდა ქვეყანაში. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს. გახსოვთ განცხადებები, რომ კი, სააკაშვილი ავადაა, მაგრამ არ არის მძიმე ავადმყოფი და მძიმე რომ იყოს, მაშინ მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა კოვიდი გამოჩნდა და, შესაბამისად, სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება. ახლა კოვიდის საფუძველზე და ამ მიზეზით პალატაში მოუწყვეს აპარატურით ინტენსიური და თერაპიული, რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ მაინც არაა მძიმე, თავის პალატაში წევს, რეალურად კი, რეანიმაციულ განყოფილებაშია. მე იურისტი ვარ, ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და გადავამოწმო. მასთან შესვლის როგორი პირობებიც იყო, წარმოუდგენელია, რომ რაიმე დამართნოდა, თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. ირგვლივ არავის დადასტურებია და ასე ჰაერში, რა ვიცი.

მე არ ვიცი, აქვს თუ არა კოვიდი, მაგრამ პალატაში მოუწყვეს მას რეანიმაციული განყოფილება. ოღონდ ამ პალატას ოფიციალურად არ ჰქვია რეანიმაციული განყოფილება. პროცესზე რომ დაიკითხებიან, იტყვიან, რომ არ წევს რეანიმაციულ განყოფილებაში. როგორც ჩანს, თავს იზღვევენ, და მეორე – სასამართლოსთვისაა ეს ყველაფერი განკუთვნილი, რომ შემდეგ ადვოკატებმა არ ვთქვათ, თუ მძიმე არაა, მაშინ რატომაა რეანიმაციულში. ახლა იტყვიან, არის თერაპიულში, სინამდვილეში, არის რეანიმაციაში.

იმიტომ არ მიშვებენ, რომ ეს ყველაფერი არ ვნახო. სხვა ახსნა არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადვოკატი ვარ, კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა. გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია თუ კოვიდამტანია? რითი განსხვავდება? კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და მათ ვნახულობდი აღჭურვილობის მეშვეობით“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძის განმარტებით, აპირებენ, გამოსაკვლევად მიხეილ სააკაშვილს სინჯები აუღონ. „ვგეგმავთ, მიხეილ სააკაშვილს სინჯები აუღონ და ჩვენ გადმოგვცენ, ჩვენ წავიღებთ და გამოვიკვლევთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, სახალხო დამცველის ოფისს მიმართავს, მისი წარმომადგენელი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და არსებული მდგომარეობის შესასწავლად შევიდეს.

„მიხეილ სააკაშვილის პალატაში სასუნთქი აპარატი არ იყო. ახლა გადმოგვცემენ ვიდეოებს და გამოჩნდება, რა იყო და რა – არა. აქედან პენიტენციურში მივდივარ, ოქმი უნდა მოვითხოვო, როგორ ვერ გადმოწერეს ვიდეომასალა. კანონს არღვევენ და აჭიანურებენ მასალის გადმოცემას, ვიდეომასალის გადმოცემით ბევრ რამეს ფარდა აეხდება. ახლა სახალხო დამცველს მივმართავ და პენიტენციურში მივალ, თუ პასუხი ვერ მივიღე, ხვალ უკვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავ. სახალხო დამცველს მივმართავ, რათა თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნოს და შევიდნენ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან, ნახონ, რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.