შალვა კერესელიძე – „იგლ ჰილსის“ პროექტს მხარს არ ვუჭერთ ბევრი მიზეზის გამო, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ამ პროექტის შესახებ, თუნდაც, რა ფინანსური რისკების წინაშე დგას ქვეყანა

02:20, 04.03.2026

მე და ჩემი გუნდი „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ და არ ვუჭერთ ძალიან ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ საქართველოს პირველ არხზე გამართული დისკუსიის ფორმატში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ უჭერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარს ამ პროექტს, რა არის ამ შემთხვევაში მათი არგუმენტები და რა რისკებს ხედავენ, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რომ პროექტი რომ აქტუალურია და მნიშვნელოვანია, მაგიტომ გაჩნდა საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი და ეს საზოგადოებაში ბადებს ძალიან ბევრ ლოგიკურ, სამართლიან შეკითხვას, თუ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი არის სამართლიანად, რატომ არის ყველაფერი დამალული?

„საზოგადოებას აქვს, მე მგონი, უფლება, იცოდეს, რომ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ეს პროექტია და ისეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, რასაც კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება და, რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დანიშნულება აქვს, როგორი ფორმით ხდება ამის გასხვისება. პრემიერ-მინისტრი კობახიძე პარლამენტში რომ იყო მოსული ინტერპრელაციაზე, ჩვენ დავუსვით კითხვა, არის თუ არა ეს მიწა შეფასებული, რა ღირებულების არის და მან პირდაპირ განაცხადა, რომ არა, ეს მიწა შეფასებული არ არის. მეორე შეკითხვა დავუსვით, რომ დავები, რომლებიც შესაძლოა, წარმოიშვას, საქართველოს იურისდიქციას სცდება თუ არა და, რა თქმა უნდა, სცდება. საერთაშორისო არბიტრაჟის დონეზე მოხდებაო ამის განხილვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ თავისუფლად შესაძლებელია, სახელმწიფომ მიიღოს ძალიან დიდი სანქციები და ეს ფინანსური სანქციები ქართველი ხალხის გადასახდელი იყოს. ასევე, საზოგადოებას აქვს რეალურად იმისი უფლება, იცოდეს ამ პროექტის შესახებ, თუნდაც რა ფინანსური რისკების წინაშე დგას ქვეყანა და რა ფინანსური სარგებლის მოტანა არის შესაძლებელი. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს და ეს ყველაფერი ბადებს კითხვებს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის გასაიდუმლოებული და ვის აქვს იმის უფლება, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, როცა საზოგადოებრივი დანიშნულების მიწაზეა საუბარი, ადამიანებს, ამომრჩეველს და მოქალაქეებს დაუმალოს?“  – განაცხადა კერესელიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ არაფერი არ იცის, ნათქვამია ზოგადად 6-6,5 მილიარდი ინვესტიცია, თუ რამდენი მოგება შეიძლება, ამ ინვესტიციამ მოიტანოს.

„ბაზალეთის მაგალითს მოვიყვან, როცა 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც გადავიდა არასასოფლო-სამეურნეოში წინა ხელისუფლების დროს, აგერ, ბენდუქიძის ცნობილ ტერიტორიებს რომ ეძახიან, მაგის შვილმა გადაწყვიტა გაყიდვა, მოიყვანა არაბი ინვესტორი და ყიდდა ამ ტერიტორიას. მე ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მე ვიყავი ამაში მონაწილე, იმ რეგიონის გუბერნატორი გახლდით და მაქსიმალურად შევუშალეთ ხელი, რომ ეს არ მომხდარიყო. სხვათა შორის, იმხელა ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, რომ იმ რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ზეწოლის ტემპერატურას ვეღარ გაუძლო და დადნა. პოლიტიკურად წამოვიღეთ, მაშინ გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და მისი დახმარებით ეგ პროცესი გავაჩერეთ. მერე უკვე ადგნენ და ამ ტერიტორიის გასხვისება მოხდა არაბებზე, რომ გაიყიდა, იმ ადამიანმა ის ფული ჩაიდო ჯიბეში, წავიდა რუსეთში, მოსკოვში წაიღო ის ფული და დღეს იქ არაფერი არ მომხდარა, არც ბაზალეთი განვითარებულა, არც არაფერი აშენებულა. მსგავსი პროექტები, რაც განხორციელდა რეალურად, სადაც ვითომ ფული ჩაიდო, არაფერი არ მომხდარა, მხოლოდ და მხოლოდ, ათასში ერთხელ, შეიძლება, სადღაც არაბული დასახლება შეიქმნა და რატომ გგონიათ თქვენ, რომ ეს ინვესტიცია იქნება წარმატებული, როგორ ციფრებშიც თქვენ დახატეთ და როგორ ციფრებშიც თქვენ წარმოუდგინეთ ახლა საზოგადოებას, ეს ასე იქნება? მით უმეტეს, რომ არცერთი დოკუმენტი საერთოდ ცნობილი არ არის“, – განაცხადა კერესელიძემ, რომელმაც დისკუსიაში მონაწილე გიორგი აბაშიშვილს მიმართა.

მსგავსი