შალვა კერესელიძე - ჯანდაცვის სამინისტროს, შსს-ს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ დაშავებული ადამიანები გადარჩნენ
შალვა კერესელიძე - ჯანდაცვის სამინისტროს, შსს-ს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ დაშავებული ადამიანები გადარჩნენ

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ დაშავებული ადამიანები გადარჩნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

„პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარებით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს. მოხდა დიდი ტრაგედია, სპრინტერის სახის სამარშუტო მიკროავტობუსი გადავარდა, სადაც 20 ადამიანი იჯდა. სამწუხაროდ, 17 გარდაცვლილია. სამი ადამიანი გადარჩა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ დაშავებული ადამიანები გადარჩნენ. შემთხვევის დადგომისთანავე ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის სამი ადამიანი, ვინც გადარჩა, უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კითხვაზე, მომხდარ შემთხვევაში თუ ფიგურირებს სხვა ავტომანქანა, შალვა კერესელიძემ აღნიშნა, რომ საუბარია ცარიელ ავტომობილზე, რომელიც გზაზე იდგა.

„იმ მანქანაში ადამიანები არ ისხდნენ. უბრალოდ, იდგა ავტომობილი და დაეჯახა. ის ავტომობილიც გადავარდნილია. საავტომობილო გზების დეპარტსმენტის მანქანაა“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კითხვაზე, მიკროავტობუსი ტურისტული იყო თუ კერძო, მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ჯერ იდენტიფიცირება არ მომხდარა.

„ჯერ არ მომხდარა იდენტიფიცირება, ვისი ავტომანქანა იყო, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირებაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – დასძინა შალვა კერესელიძემ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.