შალვა კერესელიძე – ჩვენთვის ოთხიანსა და ხუთიანს შორის ბრძოლა ნაკლებად საინტერესოა, ორივე ერთი წარმოშობის, პოლიტიკური ეტიმოლოგიის პარტიაა, ვინ არის გაყიდული, ვინ არის სწორი და ვინ – არასწორი, განსაჯეთ
ოთხიანსა და ხუთიანს შორის ბრძოლა თუ პოლიტიკური კინკლაობა ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის, ისინი ეთმანეთს რატომ და რის გამო ებრძვიან, არ გვაინტერესებს, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს საკუთარი დღის წესრიგი და მიჰყვება გეგმას.
„ეს ორივე ერთი წარმოშობის, პოლიტიკური ეტიმოლოგიის პარტიაა. ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, რითაც მისცა სრული შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“, ადგილობრივ დონეზე საკრებულოები თითქმის სრულად დაეკომპლექტებინა. ამ პროცესში მონაწილეობდა ორივე პარტია. რა პირადი ანგარიშსწორებები აქვთ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის ბოიკოტი, რაც იყო გამოცხადებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომ არ წასულიყო ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არ მიეღოთ პოლიტპარტიებს მონაწილეობა, ეს იყო ზუსტად საფუძველი და საწინდარი იმის, რომ ადგილობრივ დონეზე ყველა საკრებულო ჩააბარეს. ვინ არის გაყიდული, რა არის ღალატი, ვინ არის სწორი და ვინ – არასწორი, განსაჯეთ“, – განაცხადა კერესელიძემ.