შალვა კერესელიძე - აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში საგანგაშო არაფერია, ნატო-ს გაფართოებაზე არასოდეს ყოფილა ერთსულოვნება, საბოლოო ჯამში, ნატო ძლიერდებოდა, ახლაც იგივე პროცესი მიმდინარეობს
შალვა კერესელიძე - აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში საგანგაშო არაფერია, ნატო-ს გაფართოებაზე არასოდეს ყოფილა ერთსულოვნება, საბოლოო ჯამში, ნატო ძლიერდებოდა, ახლაც იგივე პროცესი მიმდინარეობს

მგონი, ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში საგანგაშო არაფერია, რადგან ნატო-ს გაფართოებაზე ერთსულოვნება არასოდეს ყოფილა, ვიღაც წინააღმდეგი იყო, ვიღაც – მომხრე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ნატო ფართოვდებოდა, ძლიერდებოდა და ახლაც იგივე პროცესი მიმდინარეობს.

„რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს ვშორდებით. რამდენიმე წლის წინ საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების სანიმუშო ქვეყანა, დღეს კი მაჩანჩალა სახელმწიფოდ ვართ წარმოდგენილი“, – აღნიშნა კერესელიძემ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა“.