შალვა ჯანაშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის დავალება ვანო მერაბიშვილმა მისცა
შალვა ჯანაშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის დავალება ვანო მერაბიშვილმა მისცა

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის დავალება აქციის დაშლის წინა დღეს მერაბიშვილმა მისცა.

შალვა ჯანაშვილი ბრალდების მხარის მოწმის სახით 7 ნოემბრის აქციის დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე იკითხება. მისი თქმით, აქციის დასაშლელად წინა დღესვე დაიგეგმა ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება.

„2007 წლის ნოემბერში დაიწყო მიტინგები და საგანგებო მდგომარეობაზე გადავედით. 6 ნოემბერს დამიბარა მინისტრმა და მითხრა, რომ 7 ნოემბერს მზადყოფნაში უნდა იყოო. გავიარეთ დეტალები – რამდენი ხალხი მყავდა, აღჭურვილობა იყო თუ არა წესრიგში და ა.შ. შეხვედრაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ეს შეხვედრა ორთაჭალაში, სამინისტროს შენობაში შედგა.

ვანო მერაბიშვილმა მითხრა, რომ პოლიციური ძალებით, რუსთაველის გამზირი მოშიმშილეებისგან და მომიტინგეებისგან უნდა გასუფთავებულიყო. 100 კაცი მეხმარებოდა სასჯელაღსრულების სპეცრაზმიდან. ჯამში, დაახლოებით 400 კაცი მყავდა. შეიარაღებული ვიყავით, წყლის ჭავლის მანქანებით, ხმის გადამცემებით, გაზით და რეზინის ტყვიებით.

დილით, შვიდ საათზე ჩვენი ადგილი დავიკავეთ. ხალხის მასა რომ მოგროვდა, მინისტრმა დამირეკა და მითხრა დაიწყე დაშლის ღონისძიებაო. მე გადავეცი ბრძანება განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსს, კუხიანიძეს და ისინიც დაიძრნენ. პირველი შეხება ხალხთან იყო წყლის ჭავლის გამოყენება. იყო აგრესიული ქმედებები იქიდან. ამის შემდეგ რეზინის ტყვიები და გაზიც გამოვიყენეთ. ნელ-ნელა ვაწვებოდით და ჩავედით თავისუფლების მოედანზე.

ორი საათი დაგვჭირდა ტერიტორიის დასაკავებლად. ამის შემდეგ, მინისტრმა დამირეკა და მომცა დავალება რიყეზე წავსულიყავი და იქაც გამესუფთავებინა ტერიტორია. ვუთხარი, რომ ცოტა ხალხი მყავს და დამხმარე ძალა მჭირდებოდა. კარგიო, მითხრა, მივხედავ ამ საკითხსო. მერე დამირეკა, რომ გენშტაბი მოგეხმარებაო. გამომიგზავნა პირადი შემადგენლობა, რომელმაც გადაკეტა ქუჩები. ამის მერე, გადავედით რიყეზე . გამოიძახეს სხვა პოლიციური დანაყოფებიც. მე ჩემები ჩავიყვანე. რიყეზეც განხორციელდა დაშლის ღინისძიება“, -განაცხადა ჯანაშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, მისი თქმით, რიყის გაწმენდის შემდეგ, მინისტრმა მერაბიშვილმა ისევ დაურეკა და შეატყობინა, რომ ირაკლი კოდუა დაუკავშირდებოდა და დავალებას მისცემდა.

„დამირეკა კოდუამ, მითხრა, რომ მანქანებს „იმედთან“ ხალხი მიაწყდა და დახმარება სჭირდებოდა. მე 100 კაციანი ჯგუფი გავუშვი. იქ მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლები იყვნენ, ასევე იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდანაც“, – განაცხადა ჯანაშვილმა.

7 ნოემბრის აქციის დარბევის ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.