შალვა გოგოლაძე - ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ყოველმხრივ უნდა მოვემზადოთ
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელებმა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირისთვის მომზადების გეგმებზე ისაუბრეს. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროექტის განხორციელებას – მას საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების იმედებს უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2015 წელს ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს წარმატებით უმასპინძლა.
„ამ ტურნირისთვის უნდა მოვემზადოთ ფინანსურადაც, ინფრასტრუქტურულადაც და სპორტული კუთხითაც. საამისოდ დიდი ფინანსები დაგვჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის სრული მხარადჭერა იქნება და საქართველო ოლიმპიადას კარგად უმასპინძლებს“, – ამბობს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
მამუკა ხაბარელი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი: „მასპინძლობის უფლებისთვის ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. პრემიერმა გახარიამ ყველა ევროპულ ოლიმპიურ კომიტეტში დასაბუთებული წერილი გააგზავნა, თუ რატომ იმსახურებდა საქართველო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლებას. ფესტივალის ჩატარება იქნება უდიდესი ნახტომი ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისთვის – მე ასე ვიტყოდი, რომ ახლა ამ მასპინძლობის უფლების მოპოვება საქართველოსთვის დიდი ოლიმპიადის მასპინძლობის მინიჭების ტოლფასი იყო“.