შალვა გოგოლაძე - მთავრობის ინტენსიური მუშაობით, რაგბის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოიპოვოს ისტორიული შანსი და მონაწილეობა მიიღოს „რვა ერის“ ტურნირში
შალვა გოგოლაძე - მთავრობის ინტენსიური მუშაობით, რაგბის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოიპოვოს ისტორიული შანსი და მონაწილეობა მიიღოს „რვა ერის“ ტურნირში

დღეს, კიდევ ერთხელ, საინტერესო შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრთან, სადაც წარმოდგენილი იყო რაგბის კავშირის ყველა წევრი. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა რაგბის ოჯახს, –  ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინტენსიური მუშაობით, რაგბის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოიპოვოს ისტორიული შანსი და მონაწილეობა მიიღოს „რვა ერის“ ტურნირში.

„ეს მართლაც მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც ჩვენს ნაკრებს მისცემს, როგორც გამოცდილებით, ასევე სხვა საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობას სპორტული კუთხით. „კოვიდ-19“-მა გარკვეული პრობლემები შექმნა მიმდინარე ჩემპიონატის დამთავრებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის ჩართულობითა და მთავრობის მხარდაჭერით რაგბის ფედერაციის ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა მოხდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდები უკვე შესულები არიან საწვრთნელ ბაზაზე და ახლო მომავალში, დაახლოებით 2-3 კვირაში დაიწყება ახალი, საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატი არის ქართული რაგბის ფესვები“, –  აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

 

დატოვე კომენტარი