შალვა გოგოლაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოში კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება რეალობად იქცევა
თბილისის სპორტ-კომპლექს „არენა 1“-ში გამართულ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა, რომელიც დელეგატებმა მეორედ აირჩიეს ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტრად.
გოგოლაძის თქმით, პრეზიდენტად არჩეულმა, დავით წიკლაურმა ოთხი წლის განმავლობაში ქართული კრივის განვითარებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.
„წიკლაურის ინიციატივით ქართულ კრივში აშკარა პროგრესია, სახეობაში გამოცოცხლებაა და ბევრი საინტერესო ტურნირიც გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეთა ევროპის ჩემპიონატი იყო. ახლა საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა სურს, რაც ძალიან შთამბეჭდავი პროექტია. შესაძლოა, წლების წინ ეს იდეა წარმოუდგენლად და სასაცილოდაც მოჩანდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დათოს მცდელობით ეს ჩანაფიქრიც რეალობად იქცევა“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.