შალვა ბურჯანაძე - 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კონტრაქტზე „ხიმნასტიკს“ შევუთანხმდი, მაგრამ ტრანსფერი ტრავმამ ჩამიშალა #1TVSPORT
შალვა ბურჯანაძე - 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კონტრაქტზე „ხიმნასტიკს“ შევუთანხმდი, მაგრამ ტრანსფერი ტრავმამ ჩამიშალა #1TVSPORT

ესტონური კლუბის, „ნარვა ტრანსის“ ვებგვერდმა გუნდის ქართველ ახალწვეულს, შალვა ბურჯანაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც მან მიზნებსა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ესტონეთში ჩამოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ აქ ციოდა. როცა ჩამოვედი, სულ რაღაც მინუს 25 გრადუსი იყო. საქართველოში გაცილებით თბილი ამინდებია, ზამთარშიც ტემპერატურა ძალიან იშვიათად ეცემა ნულამდე, თოვლი კი მხოლოდ მთაშია. კიდევ რა ვიცი ესტონეთის შესახებ? ფეხბურთელებიდან რაუნო საპინენი და ჩვენი ზაქარია ბეგლარიშვილი მახსენდება, რა თქმა უნდა. ჩოგბურთელ ანეტ კონტავეიტსაც ვიცნობ, რადგან ჩოგბურთის მოყვარული ვარ.

როდის გავიცანი ბეგლარიშვილი? რამდენიმე თვე ერთად „გაგრაში“ ვთამაშობდით. ზაქარიამ კონტრაქტს მოაწერა ხელი და გამარკვია ჩემპიონატში, ძლიერ კლუბებზე მესაუბრა. ესტონეთში გადასვლამდე კი კლუბებთან ურთიერთობა ახლო მეგობრის მეშვეობით მქონდა. რაც ვიცი, ჩემით „ნარვა“ დიდი ხანია ინტერესდებოდა.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წელი. მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ და მაშინაც ცხადი იყო, რომ ბევრი დიდი ვარსკვლავი გახდებოდა. მაგალითად, ვითამაშეთ პორტუგალიასთან და მათ შემადგენლობაში ჰყავდათ დიოგო დალოტი, ჟედსონ ფერნანდესი, რაფაელ ლეაო, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულად ვეთამაშეთ. ყველაზე მეტად გამოირჩეოდა შვედი თავდამსხმელი ვიქტორ გიოკერესი, რომელიც ახლა „სპორტინგში“ თამაშობს. მაშინ შვედეთის ნაკრები დავამარცხეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ მოგვიანებით ჩეხებთან დავმარცხდით. მატჩებზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო, რადგან საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ.

იმავე წელს ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მაგრამ ბევრი არ მითამაშია. მხოლოდ 18 წლის ვიყავი და მძიმე ტრავმაც მივიღე. თუმცა ახლა ტრავმები აღარ მტანჯავს. სერიოზული კლუბები თუ მიწვევდნენ? ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე კონტრაქტზე სეგუნდა დივიზიონს კლუბს, „ხიმნასტიკს“ შევუთანხმდი, მაგრამ ესპანეთში წასვლა ტრავმამ ჩამიშალა.

საზღვარგარეთ მაინც წავედი, ოღონდ ესტონეთში. პირადი მიზანი? მინდა, ჩემპიონატის საუკეთესო მცველი გავხდე, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქრო მხოლოდ კლუბის ინტერესებზე. პირადი მიზნების წინ წამოწევა დაუშვებელია. მზად ვარ, ჩემპიონატში ჩვენი წარმატებული გამოსვლისთვის ყველაფერი გავაკეთო და ყველა თამაშში ვიბრძოლო. საკუთარ თავზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სწრაფი მცველი ვარ. მარტო მე არ ვფიქრობ ასე. როცა საქართველოდან წამოვედი, მითხრეს, შალვა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ცენტრალური მცველი ხარ და შენს ახალ გუნდს ძალიან გაუმართლაო“, – ამბობს შალვა ბურჯანაძე.