შალვა ბედოიძე - არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან 
შალვა ბედოიძე - არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს.

მათი განცხადებით, არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა მოწმეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლისგან საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

„არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ინსტანციებისთვის მიუმართავთ. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე პროტესტის ფორმა ყოფილიყო, მათთან გასაუბრებასთან დაკავშირებით და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც შესრულდა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ.

როგორც გამომძიებელ-დეტექტივმა, ირაკლი ფიფიამ განაცხადა, ყველა არასრულწლოვანს გამოკითხვის დროს ახლდა კანონიერი წარმომადგენელი.

“თუ რომელიმე არასრულწლოვანს არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიწვევდით პირს, რომელიც მას კანონიერ წარმომადგენლის ფუნქციას გაუწევდა, ასე ვთქვათ საპროცესო წარმომადგენელს; ხოლო რაც შეეხება ადვოკატს, ყველა მოწმეს არ ჰყოლია, მაგრამ უმეტესობას ჰყავდა ადვოკატი. ასევე შევთავაზეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფდით მათ ადვოკატის მომსახურებით”, – განაცხადა ფიფიამ.

გამომძიებლებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის კითხვაზე, ხომ არ ყოფილა რომელიმე თანამდებობის პირისგან, რაიმე საგამოძიებო მოქმედებაზე თავშეკავების შესახებ მოწოდება, ასეთი ფორმით რაიმე სახის დავალება და მოთხოვნა, უპასუხეს, რომ არც ერთი თანამდებობის პირისგან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

„გიდასტურებთ, რომ არავის მხრიდან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალები და ის ოპერატიული მასალები, რაც გამოძიების მწარმოებელ პირთან იყრის თავს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან ხდება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ეს იყო აქაც განმსაზღვრელი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო“.

კომისიის წევრ, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე, გამოსაკითხ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხომ არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია? – შალვა ბედოიძემ უპასუხობა, რომ გამოკითხვები და გასაუბრებები ხდებოდა ნებაყოფლობით.

„არავის მხრიდან, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რაიმე საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა ჩვენთან – არც არასრულწლოვნების და არც მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, არც შემდგომ გამოძიების პროცესში”, – განაცხადა ბედოიძემ.