შალვა ალავერდაშვილი - სამთო-სათხილამურო კურორტებზე მეორე სეზონი ფაქტობრივად, ჩავარდა და ობიექტების 60 პროცენტი იყიდება
შალვა ალავერდაშვილი - სამთო-სათხილამურო კურორტებზე მეორე სეზონი ფაქტობრივად, ჩავარდა და ობიექტების 60 პროცენტი იყიდება

დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და ორი კვირის შემდეგ შევხედავთ რა იქნება, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას, – ამის შესახებ  „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო და მთის კურორტების გახსნის საკითხზე ემსჯელათ.

„ძირითადი მესიჯი, რაც დღეს იყო, ჩვენთვის უნდოდათ აეხსნათ, თუ რატომ არ უნდა გაიხსნას ძირითადი მიმართულებები. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვისურვებდით, პირდაპირი პასუხი ჰქონდეს მთავრობას, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება, ასეთი პასუხი მინდა. ის კი არა, რომ ვნახოთ და რაღაც… ვნახოთი აღარ გამოდის, მთის კურორტებს თავისი სეზონი აქვს. პირველ მარტს რომ მითხრან გაიხსნებაო, 95 პროცენტი მაინც აღარ გაიხსნება, რადგან აზრი აღარ აქვს.

პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და დღევანდელის მსგავსი შეხვედრა უნდა გვქონოდა 7-8-9 იანვარს, რომ გვცოდნოდა, ზუსტად მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ – არა. დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და აი, ორი კვირის შემდეგ შევხედავთ რა იქნება, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას. ფაქტობრივად, მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60 პროცენტი ობიექტებისა უკვე იყიდება. ზოგადად ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარება დადგება“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.