შალვა ალავერდაშვილი - სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის გასაღებია
შალვა ალავერდაშვილი - სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის გასაღებია

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი არის ერთ-ერთი გასაღები, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების სეგმენტი მივიღოთ, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს.

ალავერდაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანელი მდგომარეობით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი პირობითად 10 ქულიანი სისტემიდან მხოლოდ ორს აკმაყოფილებს, თუმცა სწორედ ამ მიმართულებას შესწევს უნარი, ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურისტების სტაბილური ნაკადი მოიზიდოს, რომლებიც ხანგრძლივადაც რჩებიან და დიდ თანხებსაც ხარჯავენ.

„სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ბუნება საშუალებას გვაძლევს, ეს დარგი ყველაზე კარგად იყოს განვითარებული, რადგან აქედან შემოდის ქვეყანაში ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში სულ მცირე, ორი კვირა რჩება და საკმაოდ დიდ  თანხას იხდის. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისთვის, რომ ტურისტები ქვეყნაში დიდ ხანს დარჩნენ და ეტაპობრივად მარღალმხარჯველუნარიანი სეგმენტი მივიღოთ“, – განმარტა ალავერდაშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე და გადაცემის თანაწამყვანი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ სწორედ სამკურნალო და სარეაბილიტაციო ტურიზმის ნიშა, რომელიც ქვეყანაში ტურისტების ნაკადის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს და გლობალურ დონეზე საქართველოს კონკურენტუნარიანობას დაუმკვიდრებს.

„ტურიზმი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო და სწორი პოლიტიკის შერჩევა შედეგზე სწორად აისახება, მაგრამ არის ე.წ. ლიმიტირებული ზღვარი. ჩვენ არ შეგვიძლია, ქვეყანაში ჩვეულებრივი დამთვალიერებელი ტურიზმი ყოველწლიურად უსასრულოდ ვზარდოთ. გვჭირდება ნიშური მიდგომები და სწორი თავისუფალი ნიშის პოვნა, რაც საშუალებას მოგვცემს, ზრდის ტემპი მუდმივად შევინარჩუნოთ, უფრო მეტი შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, სამკურნალო ტურიზმი არის ის პოტენციალი, რაც ჯერ აუთვისებელია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი შესაძლებლობის დაახლოებით 8-10 პროცენტი გვაქვს ათვისებული“, – განცხადა ლევან კალანდაძემ.

კალანდაძე მიიჩნევს, რომ სამკურნალო ტურიზმს შეუძლია, მთლიანად ტურისტული სექტორის მდგრადი განვითარება უზრუნველყოს, ამიტომ სახელმწიფომ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა აღნიშნული ნიშა ხელიდან არ გაუშვას.

„ამ სფეროში ტურისტი ხანგრძლივად რჩება და დიდი დროის განმავლობაში არის ვალუტის წყარო. თუ ჩვენ სწორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქცენტებს დავსვამთ, სამკურნალო ტურიზმი შეიძლება იყოს ტურისტული ბიზნესის მდგრადი განვითარების წინაპირობა. ერთჯერადი ნაკადების ნაცვლად, დამოკიდებული ვიქნებით მაღალშემოსავლიან ტურისტულ ნაკადებზე და ქვეყანაში ტურიზმის ხარისხიც გაიზრდება. თუმცა არსებობს რისკებიც. საქართველო ჩაბმულია კონკურენციაში და თუ ეს მიმართულება სწორად არ განვითარდა და პოტენციური ტურისტები სამედიცინო ტურიზმით ვერ დავაინტერესეთ, შეიძლება, ეს მიმართულება დავკარგოთ. ამიტომ სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, ფორსირებულ რეჟიმში“, – განმარტა ლევან კალანდაძემ.