შალამბერიძემ „ვალენსიასთან“ ურთიერთობაზე ისაუბრა - „საბურთალოს“ აქვს პოტენციალი, ტიტულისთვის იბრძოლოს #1TVSPORT
გამოცდილი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე მეორე წელია, რაც „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობას წვრთნის. მან „ვალენსიას“ აკადემიასთნ დაწყებულ თანამშრომლობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
„არა მხოლოდ მე, არამედ ყველას, ვინც „საბურთალოს“ აკადემიაში მუშაობს, „ვალენსიას“ კოორდინატორ სერხიო ჩულვისთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. სისტემატურად ვცვლით აზრებს, ვმსჯელობთ, თამაშებსა თუ ვარჯიშებს ვუყურებთ. სხვადასხვა საკითხებზე აქტიურად ვსაუბრობთ. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს“, – ამბობს თემურ შალამბერიძე.
მისი თქმით, გუნდმა ძირითადი შევსება ასაკობრივი გუნდებიდან მიიღო:
„შარშანდელი სეზონის შემდეგ, დაახლოებით 90 პროცენტი სხვადასხვა გუნდებში წავიდა. რამდენიმე „საბურთალოს“ მთავარ გუნდში დაწინაურდა, დანარჩენები კი ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბებში მოეწყვნენ. რა თქმა უნდა, მათი შენარჩუნება შეგვეძლო, მაგრამ კლუბმა ჩათვალა, რომ რანგით ზედა ლიგის კლუბებში გაენათხოვრებინა ფეხბურთელები, რათა მათ მეტი პრაქტიკა და გამოცდილება მიეღოთ. ამ გადაწყვეტილებას მეც 100 პროცენტით ვეთანხმები. მიხარია, რომ 90 პროცენტით აკადემიის ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებულები. მჯერა, შევსებას მომავალშიც მივიღებთ. ახლა, ამ ფეხბურთელების შეგუება ხდება იმ ლიგასთან, რომელშიც ვთამაშობთ“.
„საბურთალო“-2-ის მთავარი მიზანი, მთავარ გუნდში ფეხბურთელების დაწინაურებაა. შალამბერიძის თქმით, „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან მუდამ კავშირშია:
„ლევანს სისტემატურად ვესაუბრები, ხშირად ვლაპარაკობთ ფეხბურთლებზე, მომწონს მისი ხედვა და მიდგომა. დიდი იმედი მაქვს, „საბურთალო“ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს – „საბურთალოს“ აქვს რესურსი, პოტენციალი, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. შემადგენლობაც შესაბამისი გვყავს, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. შარშანდელთან შედარებით გუნდი გადახალისებულია. დაბალანსებული შემადგენლობა რომ მივიღოთ, ამისთვის დროა საჭირო. ფეხბურთელებიდან და სამწვრთნელო შტაბიდან გამომდინარე, არის იმის რესურსი, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი ვიყოთ, როგორც საქართველოში, ასევე ევროტურნირებზე“.