„შახტარმა“ კიევის „დინამოსთან“ ხოჭოლავას შეცდომით წააგო
„შახტარმა“ კიევის „დინამოსთან“ ხოჭოლავას შეცდომით წააგო

უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩი დათა ხოჭოლავასთვის უიღბლო გამოდგა – მისმა გუნდმა, დონეცკის „შახტარმა“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია უშუალო კონკურენტთან წაგებით დაასრულა – 0:1.

დონბასელებმა ხარკოვში კიევის „დინამოს“ უმასპინძლეს. საქართველოს ნაკრების მცველი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და სამწუხაროდ, ერთადერთი გოლი კიეველებმა სწორედ მისი შეცდომით გაიტანეს – 32-ე წუთზე, ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ჩააბარა, რითაც ვლადიმირ შეპელევმა ისარგებლა და „დინამომ“ გაიმარჯვა – 0:1.

„ასეთი შეცდომები ფეხბურთში ხდება და ეს თამაშის შემადგენელი ნაწილია. რაც მოხდა, ამაში დამნაშავე უპირველესად, მე ვარ, რადგან გუნდის მობილიზება ვერ მოვახერხე და საწყისი 35 წუთი ცუდად ჩავატარეთ“, – ხოჭოლავას შეცდომაზე ეს კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გააკეთა.

27 ტურის შემდეგ, „შახტარი“ 63 ქულით გათამაშებას ლიდერობს, ხოლო მეორე მყოფმა კიევის „დინამომ“ მასთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.