„შახტარის“ პრეზიდენტს უკრაინის გამარჯვების სჯერა - არ დავიშურებ ძალასა და რესურსს, რომ უკრაინა აღდგეს და გახდეს წარმატებული ქვეყანა #1TVSPORT
„შახტარის“ პრეზიდენტს უკრაინის გამარჯვების სჯერა - არ დავიშურებ ძალასა და რესურსს, რომ უკრაინა აღდგეს და გახდეს წარმატებული ქვეყანა #1TVSPORT

უკრაინელ ხალხში რომ დიდი მენტალური ცვლილებები ხდება, ამაზე დონეცკის „შახტარის“ პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის ინტერვიუ მეტყველებს, რომელიც კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ახმეტოვი ომამადე პრორუსულად განწყობილ ბიზნესმენად ითვლებოდა, იყო „რეგიონების პარტიის“ წვერი, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის (2010-2014) პრეზიდენტობის დროს, უკრაინის მმართველი პარტია გახლდათ.

ახლა ახმეტოვი ყველანაირად ეხმარება უკრაინულ არმიას, 600 მილიონი გრივნა გადაურიცხა ომით დაზარალებულ მოსახლეობას და ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

– ახლა ჩვენ ვხედავთ დასავლური სამყაროს უპრეცედენტო გაერთიანებას. რისთვისაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გულწრფელ მადლობას ვუხდით. კიდევ რა შეუძლიათ და რა უნდა გააკეთონ? ვფიქრობ, ყველაფერი, რასაც უკრაინა, უკრაინელი ხალხი და უკრაინის პრეზიდენტი ითხოვენ.

– თქვენი აზრით, რა იქნებოდა უკრაინის გამარჯვება?

– საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა, რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და უკრაინის სახელმწიფო საზღვრების სრული აღდგენა საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ ფარგლებში. ანუ ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.

– რატომ ესვრიან რუსეთის ჯარები მშვიდობიანი მოსახლეობისკენ, რატომ ესვრიან საცხოვრებელ უბნებს და ანადგურებენ ქალაქებს? საერთოდ, რისკენ ისწრაფვიან?

– რაც ხდება, უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს.

– ეს ომი უკრაინის საზღვრებს სცდება…

– პუტინი უმიზნებს იმ ქვეყნებს, სადაც არის დემოკრატია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. და ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი სამყაროს ყველა ქვეყანა შეიძლება იყოს მისი სამიზნე. თუ უკრაინა, მათთან ერთად რუსულ ჯარს არ შეაჩერებს, არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი.

„შახტარის“ პრეზიდენტმა საინტერესო განცხადებები გააკეთა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუშიც.

„ჩემი ფონდი ეხმარება ხალხს გადარჩენაში, აწვდის საკვებს, მედიკამენტებს, ხოლო ჩემი ბიზნესი ეხმარება უკრაინის არმიას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში. რამდენი დაიხარჯა ამაზე? მართალი გითხრათ, ახლა ამაზე არც კი ვფიქრობ. ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. მე ჩავდებ მთელ ჩემს ძალასა და რესურსს, რათა უკრაინა აღდგეს და გახდეს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, – ციტირებს რადიო „თავისუფლება“ ახმეტოვის სიტყვებს.

ახმეტოვი არაერთხელ გააკრიტიკეს მისი პასიური პოზიციის გამო 2014 წელს დონბასში რუსეთის შეჭრის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გამოიტანა. თუმცა, არ დამალა, რომ მისთვის ომი სრული სიურპრიზი იყო:

„ომის დაწყებისის დროს სახლში, კიევში ვიყავი. მეძინა, როდესაც ჩემი თანაშემწე გამომივარდა – „გაიღვიძე! გვბომბავენ, ომი დაიწყო!“ ეს არის სამხედრო აგრესია, სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”.

უკრაინელი ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი 1996 წლიდან დონეცკის საფეხბურთო კლუბის, „შახტარის“ პრეზიდენტია. მისი ქონება 2021 წლის სექტემბერში 10,0 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული – ამ მაჩვენებლით ახმეტოვი 241-ე ადგილზეა Bloomberg-ის შედგენილ მსოფლიო რეიტინგში. Forbes განსხვავებულ მონაცემებს ფლობს და 2021 წლის მსოფლიო რეიტინგში ახმეტოვს 7,6 მილიარდი დოლარის კაპიტალით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 327-ე ადგილი მიაკუთვნა.