სფფ-მ ფირცხალაიშვილის 18-წლამდელებში დანიშვნა დაადასტურა - მნიშვნელოვანია, რომ თავის წარმოჩენის საშუალება ახალგაზრდა მწვრთნელებს მიეცეთ #1TVSPORT
სფფ-მ ფირცხალაიშვილის 18-წლამდელებში დანიშვნა დაადასტურა - მნიშვნელოვანია, რომ თავის წარმოჩენის საშუალება ახალგაზრდა მწვრთნელებს მიეცეთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებში ლაშა ფირცხალაიშვილის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად დადასტურდა – ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტზე ინფორმაცია სფფ-ს პრესსამსახურმა გაავრცელა.

18-წლამდელთა ეროვნული გუნდი 2022 წლიდან 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები გახდება და ოფიციალური შეხვედრების სერიას 2023 წლის, მალტაზე გასამართი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, თავის წარმოჩენის საშუალება ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მწვრთნელებს მიეცეთ. ლაშას და მის სამწვრთნელო შტაბს წარმატება მინდა ვუსურვო“, – განაცხადა სფფ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

ლაშა ფირცხალაიშვილი: „ნდობისთვის მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ნებისმიერ ასაკობრივ დონეზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. დიდი მოლოდინით ველი სამუშაოს დაწყებას და იმედი მაქვს, რომ დიდი შრომით დასახული მიზნების მიღწევას შევძლებთ“.

31 წლის ფირცხალაიშვილი 2011-2013 წლებში იყო „ვიტ ჯორჯიას“ U19 მთავარი მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2013-2017 წლებში იმუშავა, ხოლო 2015 წელს დუბლების დამრიგებელი გახლდათ. 2017/2019-ში მთავარი „ვიტ ჯორჯია“ ჩაიბარა, რომელიც 2018 წელს ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა. შემდეგ იყო ბოლნისის „სიონის“ მწვრთნელის ასისტენტი.

ნაკრებში მუშაობის პარალელურად, ახალგაზრდა სპეციალისტი სამწვრთნელო კურსებზე სწავლობს – ამჟამად, 18-წლამდელთა ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი უეფა-ს პრო ლიცენზიის კურსს გადის.