სფეტ ბლოკი - საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში სტაბილურობის ფაქტორით, ასევე ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და დემოკრატია
სფეტ ბლოკი - საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში სტაბილურობის ფაქტორით, ასევე ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და დემოკრატია

საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის ფაქტორით და ასევე, ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია.  რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს, რა თქმა უნდა, მაღალ მოლოდინს გვიმყარებს აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების კუთხით“, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება. მნიშვნელოვანია ავმაღლდეთ იმაზე, რაც ჩვენ გვაშორებს ერთმანეთს და ჩავატაროთ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რაც საქართველოში გააძლიერებს დემოკრატიას. ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“, – განაცხადა ბლოკმა.

მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე ადამიანის უფლებების გართულებული მდგომარეობის გამო.

„ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიმდინარე სიტუაციით, განსაკუთრებით რაც შეეხება ადამიანის უფლებებს. მე შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საოკუპაციო ხაზზე, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს გააჩნიათ ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები, რისი გამოხატულებაც იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი  გახარიას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში და შეხვედრები ქართველ კოლეგასთან სხვდასხვა ფორმატებში.

„ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ჩვენს ძლიერ სავაჭრო ურთიერთობებს, ნიდერლანდები არის საქართველოსთვის მე-12 სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი, რაც გვიმყარებს რწმენას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მომავალ შესაძლებლობებში“, -აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას  ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და  ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვან პარტნიორს.

სტეფ ბლოკის კომენტარი საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21-22 იანვარს ეწვია. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 10 წლიანი პაუზის შემდეგ ეს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.