სეზონის ბოლო გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო
სეზონის ბოლო გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო

2017 წლის სეზონი ფორმულა 1-ში დასრულდა. ჩემპიონატის ბოლო ეტაპი – აბუ დაბის გრანპრი “მერსედესის” დუბლით აღინიშნა.

გამარჯვება მოიპოვა ფინელმა ვალტერი ბოტასმა, რომელსაც თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი 1.832 წამით ჩამორჩა. მესამეზე 21-წამიანი ჩამორჩენით “ფერარის” პილოტი სებასტიან ფეტელი გავიდა.
აბუ დაბიში პოულის მფლობელი ბოტასი იყო, ხოლო მეორე სასტარტო პოზიცია ჰემილტონს ჰქონდა. სტარტის შემდეგ ლიდერებს შორის პოზიცია არ შეცვლილა. ბოტასმა ერთადერთხელ დაკარგა ლიდერობა, როცა ბოქსებში საბურავების გამოსაცვლელად თანაგუნდელზე ადრე შევიდა, მაგრამ, როგორც კი იგივე პროცედურა ბრიტანელმაც შეასრულა, სტატუს-ქვო აღდგენილი იყო.
“მერსედესთან” კონკურენცია ვერ შეძლო სებასტიან ფეტელმა, სამაგიეროდ, მას კონკურენტი არ ჰყავდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რადგან დანიელ რიკარდოს მანქანაზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და ავსტრალიელმა რბოლის დასრულება ვერ მოახერხა.

“მერსედესმა” სეზონში მეოთხე დუბლი შეასრულა, ბოტასმა კი მესამე ეტაპი მოიგო. მან 305 ქულით მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში. მეორეზე გავიდა ფეტელი – 317 ქულით, ხოლო კარიერაში მეოთხედ ჩემპიონი გახდა ლუის ჰემილტონი – მან 9 ეტაპი მოიგო და 363 ქულა დააგროვა.