„სევილია“ XXI საუკუნეში ევროპის ყველაზე წარმატებული გუნდია
„სევილია“ XXI საუკუნეში ევროპის ყველაზე წარმატებული გუნდია

„სევილიამ“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ფინალში გავიდა.

ესპანური კლუბი XXI საუკუნეში მეთერთმეტედ ითამაშებს ევროთასების ფინალში, რაც საუკეთესო შედეგია.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „რეალი“ (ხუთი ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე, ხუთი – სუპერთასზე).

„სევილიამ“ ხუთჯერ ითამაშა ევროპის ლიგის ფინალში და ყველა მოიგო. სუპერთასზე ოთხჯერ წააგო.

ნახევარფინალის სხვა საინტერესო ფაქტები:

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2019-20 წლების სეზონში უტიტულოდ დარჩა. კლუბმა ბოლო გამარჯვება 2017 წელს მოიპოვა, როცა ევროპის ლიგა მოიგო. მაშინ „იუნაიტედს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 57-ედ ითამაშა ისტორიაში ესპანური კლუბების წინააღმდეგ. ინგლისელებმა მხოლოდ 13 მატჩი მოიგეს, 22 წააგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს.

* ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ესპანური კლუბი 2017 წლის 4 მაისს დაამარცხა („სელტასთან“ 1:0 ევროპის ლიგის ნახევარფინალში). ამის შემდეგ იყო სამი ფრე და ექვსი წაგება.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზედიზედ სამი სეზონია ევროთასებიდან ესპანური კლუბებისგან ვარდება: შარშან „ბარსელონასთან“ წააგო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, 2017-18 წლების სეზონში – „სევილიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი.

* პრემიერლიგის კლუბები ბოლო ხუთ წელიწადში პირველად ვერ გავიდნენ ევროთასების ფინალში. აღსანიშნავია, რომ შარშან ევროთასებზე ფინალები მთლიანად ინგლისური იყო: ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ მოუგო, ევროპის ლიგაზე – „ჩელსიმ“ „არსენალს“.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წლევანდელ სეზონში სამივე სათასო ტურნირი ნახევარფინალურ ეტაპზე წააგო. მანამდე გუნდი ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“ (1:3, 1:0) და ინგლისის თასის ნახევარფინალში – „ჩელსისთან“ (1:3).

* „სევილია“ ზედიზედ 20 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება. ეს ახალი საკლუბო რეკორდია. ბოლო წაგება გუნდს 9 თებერვალს, ლა ლიგას 23-ე ტურში ჰქონდა „სელტას“ წინააღმდეგ (1:2).