სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქალაქი სრულად რუსების ოკუპაციის ქვეშ იმყოფება
სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქალაქი სრულად რუსების ოკუპაციის ქვეშ იმყოფება

სევეროდონეცკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქი სრულად რუსების ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. აღნიშნულის შესახებ სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტრიუკმა განაცხადა.

„ქალაქი უკვე სრულად რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა. ისინი ცდილობენ, საკუთარი წესები დაამკვიდრონ. როგორც ვიცი, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, რომელიც რაღაც „აქტივს“ აგროვებს“, – განაცხადა სტრიუკმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ქალაქი დაბომბვის შედეგად იმდენად განადგურებულია, რომ ხალხს გაუჭირდება იქ გადარჩენა. მისივე თქმით, ქარხანა „აზოტის“ თავშესაფრებში მყოფმა ადამიანებმა დაიწყეს საწარმოს ტერიტორიის დატოვება, თუმცა მათი ევაკუაცია მხოლოდ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისკენ არის შესაძლებელი.

„ნაწილობრივ უკვე ტოვებენ „აზოტის“ ტერიტორიას, გამოდიან. მათთან იღებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს. ამ ადამიანებმა თითქმის სამი თვე იცხოვრეს თავშესაფრებში, სარდაფებში, უჭირთ ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ახლა მათ დახმარება სჭირდებათ როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური“, – განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.