სეულში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს
სეულში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს

სეულში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს. როგორც „სიენენი“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამხრეთ კორეაში ინფიცირების 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 155 საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში დაინფიცირდა. კერძოდ, რელიგიურ ღონისძიებებზე, სწრაფი კვების ობიექტებსა და ბაზრობებზე.

სეულის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, ქალაქში დაგეგმილ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს არ შეუერთდნენ, რადგან მასობრივი შეკრებები აკრძალულია და მათ მონაწილეებს თუ ორგანიზატორებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

სამხრეთ კორეაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 15 039 შემთხვევა, მათგან 833 არის აქტიური. ქვეყანაში ვირუსს მთლიანობაში 305 ადამიანი ემსხვერპლა.