სეტყვისგან დაზარალებული ჭიკაანის მოსახლეობა სტიქიის ადგილზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების დროულად მისვლას ითხოვს
სეტყვისგან დაზარალებული ჭიკაანის მოსახლეობა სტიქიის ადგილზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების დროულად მისვლას ითხოვს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა, რომელიც წუხელ სეტყვამ დააზარალა, სტიქიის ადგილზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების დროულად მისვლას ითხოვს.

„ვენახების 70 პროცენტი განადგურებულია. ვაზს რომ უკვე მტევანი ჰქონოდა, სადაზღვეოდან დილითვე მოვიდოდნენ, რადგან მარცვალი ვიდრე გაშავდება, იქამდე მოასწრონ დათვალიერება და ზარალი ნაკლები დაწერონ. ახლა კი ხელშეკრულებაში მითითებულ ვადას ბოლომდე მიიყვანენ და ალბათ 10-15 დღეში მოვლენ, დამჭკნარი და გაუბედურებული ვენახი იქამდე მოცოცხლდება და ზარალსაც ამის მიხედვით, მინიმალურად შეგვიფასებენ“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მევენახე ბესიკ დანაჭრელიშვილმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სადაზღვევოს ლოდინში დროის გასვლა, კიდევ უფრო დააზარალებთ და ვენახის ჭრაქისგან დასაცავად შეწამვლას იწყებენ.