სესილია მალმსტრომი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს, რაც მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ
სესილია მალმსტრომი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს, რაც მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ

ძლიერი სამეზობლო გვაძლიერებს და მეზობლები ქვეყნების უსაფრთხოება და სტაბილურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს უსაფრთხოებასთან. ის რომ ექვსი პარტნიორიდან ხუთ ქვეყანას გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს, კარგად მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვართ, – ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილიამ მალმსტრომმა განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან თითოეულს აქვს სპეციფიკური მოთხოვნები და მისწრაფება, ამიტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დიფერენცირებული მიდგომა მნიშვნელოვანი პრინციპია. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ყურადღების კონცენტრაციას მოახდენენ გაფორმებული ხელშეკრულებების იმპლემენტაციასა და პროგრამა ”Horizon 2020”-ის შესრულებაზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არასდროს ყოფილა კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმი, მაგრამ აქვს უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის გაძლიერების წინაპირობაა. გვჯერა, რომ რეგიონში კონფლიქტების გადაჭრას სჭირდება საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა და დიალოგის შეთანხმებული ფორმატებით მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.

მშვიდობას ასევე სჭირდება კარგი მმართველობა, დემოკრატია, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები, უკეთესი ინფრასტრუქტურა და ხალხთა შორის კონტაქტი. ეს არის სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ეს არის პარტნიორობა არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ პარტნიორობა ეკონომიკისთვის, ვაჭრობისთვის, კარგი მმართველობისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა დებატების დროს.