სერჟ სარგსიანი - საქართველო პატიოსნად ასრულებს ყველა ვალდებულებას
სერჟ სარგსიანი - საქართველო პატიოსნად ასრულებს ყველა ვალდებულებას

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, საქართველო ყველა ვალდებულებას პატიოსნად ასრულებს. ამის შესახებ სერჟ სარგსიანმა BFM.Ru-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა სომხეთის ლიდერს ჰკითხა, ხომ არ უშლის ხელს რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებას ის, რომ ტვირთი საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის.

სარგსიანის თქმით, ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რადგან “საქართველო მეზობლურ თუ სხვა ვალდებულებებს პატიოსნად ასრულებს.”

“ერთადერთი ბარიერი არის არასაკმარისად კარგი ხარისხის გზა. მხედველობაში მაქვს გზა მთაში: წვიმები, ქარბუქი და ა.შ. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ მეორე გზა” – ამბობს სარგსიანი.

მისივე თქმით, სომხეთს დღეს ევრაზიული კავშირის წევრებთან ვაჭრობისთვის, საქართველოს გარდა, სხვა გზა არ აქვს.

სომხეთის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან ახალი შეთანხმების გაფორმებაზე, რომელსაც სომხეთის პრეზიდენტი ნოემბერში ბრიუსელში მოაწერს ხელს. სარგსიანის თქმით, ეს დოკუმენტი ეკონომიკას არ ეხება.