შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცდისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე დღეიდან დაიწყო და 9 მარტის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
„ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 11 და 25 მარტს ჩატარდება. „სერტუსი“ ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი გამოცდაა, რომელიც ელექტრონულ ფორმატში ტარდება და შეფასების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ენის ფლობის დონე საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიხედვით განისაზღვრება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა სამი წელია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, აღიარებს საქართველოში სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტი. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ასევე, „სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდას სხვადასხვა ორგანიზაცია იყენებს, როგორც კადრების შერჩევისა და შეფასების ეფექტიან მექანიზმს.
რეგისტრაციისა და გამოცდის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.