სერჯო მატარელა - საქართველომ ამ წლების განმავლობაში თავი წარმოაჩინა, როგორც იტალიისა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორმა
სერჯო მატარელა - საქართველომ ამ წლების განმავლობაში თავი წარმოაჩინა, როგორც იტალიისა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორმა

საქართველოს ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა დამარწმუნა თქვენი ქვეყნის დიდ პოტენციალში, რომლის მმართველ კლასს მტკიცედ აქვს დასახული ეკონომიკის მოდერნიზაციისა და შემდგომი განვითარების, დემოკრატიის განმტკიცების, ინკლუზიური და მდგრადი ზრდისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება, – ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ წლების განმავლობაში საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც იტალიისა და ევროკავშირის საიმედო და სტაბილურმა პარტნიორმა.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკა, ვფიქრობ, უფრო მეტ შესაძლებლობას გვპირდება. არსებული ურთიერთობები ქმნის საფუძველს, ბევრ ასპექტში უფრო მყარ ფუნდამენტზე განვავითაროთ იგი. ამას ხელს უწყობს ჩვენი პოლიტიკური ურთიერთგაგება, კულტურის სიახლოვე, ასევე სასწავლო და სამეცნიერო სექტორში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩანაფიქრი. საქართველოს ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა დამარწმუნა თქვენი ქვეყნის დიდ პოტენციალში, რომლის მმართველ კლასს მტკიცედ აქვს დასახული ეკონომიკის მოდერნიზაციის და შემდგომი განვითარების, დემოკრატიის განმტკიცების, ინკლუზიური და მდგრადი ზრდისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება. ამ წლების განმავლობაში საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც იტალიისა და ევროკავშირის საიმედო და სტაბილურმა პარტნიორმა. მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს მოუტანა ყველაზე დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობა. მათი თვალსაჩინო წარმომადგენლები აქ იმყოფებიან, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს ქვეყანას განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

 

დატოვე კომენტარი