სერგო რატიანი - სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტის ჩავარდნა ნიშნავს უპასუხისმგებლობას, უუნარობას
სერგო რატიანი - სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტის ჩავარდნა ნიშნავს უპასუხისმგებლობას, უუნარობას

ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე კანონპროექტის ჩავარდნა უპასუხისმგებლობასა და უუნარობას ნიშნავს.

„მთავრობამ საზოგადოებას უთხრა, რომ წელს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები არ იქნება, მაგრამ კანონი არ მიუღიათ და შესაბამისად, გაწელეს პროცედურა. შემდეგ დაჩქარებული წესით შემოიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადებში ვერ ეტევიან. დღეს კიდევ კანონპროექტი ჩავარდა. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობასა და უუნარობას. უმრავლესობა მოშლილია. ვეუბნებოდით, რომ შენიშვნები გვაქვს და ამ შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში, შეიძლებოდა, მხარი დაგვეჭირა. ხელისუფლება არის უპასუხისმგებლო და ეს პროცესი დროში გაუაზრებელია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტს შესაძლოა, განმეორებით დღესვე უყარონ კენჭი.

კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.