სერგო რატიანი - სკოლაში მანდატური დირექტორს უნდა ექვემდებარებოდეს
სერგო რატიანი - სკოლაში მანდატური  დირექტორს უნდა ექვემდებარებოდეს

ვფიქრობ, მანდატური სკოლაში უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოვთხოვთ კრიზისების დროს მართვასა და კონტროლს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის  შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სერგო რატიანმა თბილისის სკოლის დირექტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რატიანის  თქმით, მოსაზრება, რომ დირექტორებს უსაფრთხოების მიმართულებითაც ჰქონდეთ ფუნქციები, მათი მხრიდანაც იქნა გაზიარებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ბევრის მომცემი რეკომენდაციები იყო. მართლაც წარმოუდგენელია, შეგვემუშავებინა ნებისმიერი რეკომენდაცია ისე, რომ არ მოგვესმინა ამ ადამიანებისთვის. წარმოიდგინეთ, აქ იყვნენ თბილისში არსებული ყველაზე დიდი სკოლების დირექტორები და, შესაბამისად, ძალიან საინტერესო რეკომენდაციები იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მოსაზრებას, რომ დირექტორს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მოვალეობა და არის მთავარი ფიგურა სკოლაში, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებითაც. გავიზიარეთ მოსაზრებები. ვფიქრობ, მანდატური სკოლაში უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოვთხოვთ  კრიზისების დროს მართვასა და კონტროლს. სკოლაში უნდა იყოს ადამიანი რომელიც გააკონტროლებს მანდატურის უფლებებს, ფუნქციებს და ეს უნდა იყოს დირექტორი. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან ბევრი მოვალეობა და შესაბამისად, მათი უფლებებიც უნდა იყოს განსაზღვრული იმისათვის, რომ შემდეგ მოვთხოვოთ პასუხი“, -განაცხადა რატიანმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრები სკოლების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, თბილისის სკოლების 30 დირექტორს შეხვდნენ.

სკოლის დირექტორებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

დატოვე კომენტარი