სერგო რატიანი - როგორც ჩანს, შსს აღელვებულია იმით, რომ აშკარავდება მათი მუშაობის ხარვეზები
სერგო რატიანი - როგორც ჩანს, შსს აღელვებულია იმით, რომ აშკარავდება მათი მუშაობის ხარვეზები

როგორც ჩანს, შსს აღელვებულია იმით, რომ აშკარავდება და გამოაშკარავდა მათი მუშაობის ხარვეზები, – ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი სერგო რატიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

საუბარია განცხადების იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ შსს-მ საგამოძიებო კომისიას შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებით მასალის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

„ჩვენ უბრალოდ არ გვესმის რაზე საუბრობენ ისინი, ან რას ითხოვენ. უცნაურ განცხადებებს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კომისია მოქმედებს თავისი მანდატის შესაბამისად. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრ არასრულწლოვანს არ ჰქონდა დასმული ის კითხვა, რომელიც უნდა ყოფილიყო დასმული და ასევე ძალიან ბევრი სრულწლოვანი არ იყო გამოკითხული. ამასთანავე, ამ დღეებში გამოიკვეთა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენ ვაწვდით შსს-ს ამ ინფორმაციას და შესაბამისად, ველით მათგან მყისიერ რეაგირებას“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც შსს-ს უკვე ეცნობა.

კომისიის წევრების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შსს-ს უკვე გამოკითხული ჰყავს.