სერგო რატიანი - მინისტრობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს ვერ ვხედავთ, ეს არის ტექნიკური მთავრობის მსგავსი
სერგო რატიანი - მინისტრობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს ვერ ვხედავთ, ეს არის ტექნიკური მთავრობის მსგავსი

პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებში პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს და პოლიტიკურ სახეებს ვერ ვხედავთ,  – ამის შესახებ დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ იკვეთება პერსპექტივა, რომ მთავრობას აქვს რეფორმების გატარების ძალა.

„გარკვეულწილად, ეს ტექნიკური მთავრობის მსგავსია. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა გაატარონ რეფორმები, რომელიც ქვეყანას დღეს სჭირდება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისი შეფასებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობას ჩამოაცილეს.

„კახა კახიშვილის შემთხვევაში, უფრო უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ის ჩამოაცილეს, გაიყვანეს მთავრობიდან. რაც შეეხება დანარჩენ ფიგურებს, ჩვენ ვერ ვხედავთ აქ პოლიტიკურ ფიგურებს, ტექნიკური მთავრობის მსგავსი რაღაც არის, ისინი უფრო მეტად არიან ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერის წინაშე და არა – ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა, რომლშიც სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრად  ივანე მაჭავარიანი. კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება.