სერგო რატიანი - მ.კ-სთვის ხელის დაფარების პროცესი გრძელდება
სერგო რატიანი - მ.კ-სთვის ხელის დაფარების პროცესი გრძელდება

პირველივე დღიდან ხდება მ.კ-სთვის ხელის დაფარება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სერგო რატიანმა არასრულწლოვან დ.ღ-ს დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ორი რეკომენდაცია გვქონდა. პირველი – გ.მ-ს დაჭრასთან დაკავშირებით და იქ იყო პირდაპირ ჩვენებები, რომლებიც მიუთითებდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო დამჭრელი“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მეორე რეკომენდაცია მკვლელობაში თანამონაწილეობის საკითხს ეხებოდა. რატიანის თქმით, მათი მეორე რეკომენდაცია ამ დრომდე გათვალისწინებული არ არის.

„რაც შეეხება პირველ რეკომენდაციას, ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორი მიმართულებით მიდის პროცესები. რაც შეეხება მ.კ.-ს ჩვენ ვხედავთ, რომ პირველივე დღიდან ხდება ხელის დაფარება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი დღემდე გრძელდება“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ დღეს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.